JAVIC – ავტომობილის ციფრული ეკოსისტემა, რომელიც ავტოინდუსტრიას ახალ სტანდარტს სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Javic ქართული ავტოტექ პლატფორმაა, რომელიც ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის პროცესს უფრო გამჭვირვალეს, მარტივსა და სანდოს ხდის.

პლატფორმის მთავარი მიზანია საქართველოში შეიქმნას ავტომობილის ციფრული ისტორიის ერთიანი სისტემა — სივრცე, სადაც მფლობელს, მყიდველს, ავტოსერვისს და სხვა დაკავშირებულ კომპანიებს ექნებათ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციაზე წვდომა.

JAVIC-ის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, ვატო ფაჩულიას თქმით, საქართველოს ავტოინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თუმცა ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს სანდო ინფორმაციის დეფიციტი.

"საქართველო წლებია რეგიონულ ავტოჰაბად ჩამოყალიბდა. ავტომობილების იმპორტი, რეექსპორტი, ავტონაწილების ბიზნესი და სერვისები ათასობით ადამიანს ასაქმებს. თუმცა ავტომობილის შეძენისას მომხმარებელს ხშირად არ აქვს სრული სურათი — რა ისტორია აქვს მანქანას, რა დაზიანება ჰქონდა, რა სერვისები ჩაუტარდა ან რამდენად სანდოა არსებული ინფორმაცია.

ჩვენი მიზანია, ეს პროცესი გავხადოთ უფრო გამჭვირვალე და შევქმნათ ავტომობილის ციფრული პასპორტი, რომელიც მყიდველსაც, მფლობელსაც და მთლიანად ბაზარს მეტ ნდობას მისცემს", — ამბობს ვატო ფაჩულია.

JAVIC აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე. მომხმარებლებს შეუძლიათ ავტომობილის ისტორიის შემოწმება, ამერიკის ისტორიის უფასო გადამოწმება, Carfax-ის შეძენა, ჯარიმების გადახდა და სხვა ყოველდღიური სერვისების გამოყენება.

პროექტის განვითარების პროცესში გუნდმა ბაზრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დაინახა — ავტოსერვისების ნაწილს არ ჰქონდა ციფრული ინფრასტრუქტურა, რომ ჩატარებული სამუშაოები სტანდარტულად და გამჭვირვალედ აღერიცხა.

სწორედ ამიტომ JAVIC-მა შექმნა სპეციალური პარტნიორული პორტალი ავტოსერვისებისთვის.

პარტნიორ სერვის ცენტრებს საშუალება ექნებათ პორტალში შეიყვანონ ინფორმაცია ავტომობილზე ჩატარებული სამუშაოების, შეცვლილი ნაწილების, გარბენის, მომსახურების თარიღისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების შესახებ. ეს ინფორმაცია ავტომობილის ციფრულ ისტორიაში აისახება და მომავალში მფლობელსა და მყიდველს უფრო სანდო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

"თავიდან გვეგონა, მთავარი პრობლემა მხოლოდ მონაცემების მოძიება იყო, მაგრამ პროცესში დავინახეთ, რომ ბაზარს სჭირდებოდა ინსტრუმენტიც — სისტემა, სადაც ეს მონაცემები სწორად შეიქმნებოდა. ამიტომ ჩვენ არ შევჩერდით მხოლოდ მომხმარებლის აპლიკაციაზე და შევქმენით ცალკე პლატფორმა ავტოსერვისებისთვის.

ეს მათთვისაც შესაძლებლობაა — პარტნიორი სერვისები მიიღებენ ციფრულ არხს, ახალ ხილვადობას და მომავალში დამატებით მომხმარებლებს JAVIC-ის ეკოსისტემიდან", — აღნიშნავს ვატო ფაჩულია.

JAVIC აქტიურად თანამშრომლობს ავტოინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებასთან. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორობაა Datene-სთან, რომლის დამტენების ქსელიც JAVIC-ის აპლიკაციაშია ინტეგრირებული. ეს ელექტრომობილების მფლობელებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღონ ინფორმაცია როგორც საკუთარი ავტომობილის, ისე დამტენების ლოკაციების შესახებ.

კომპანიის თქმით, JAVIC-ის ხედვა მხოლოდ ავტომობილის ისტორიის შემოწმებით არ შემოიფარგლება. მიზანია შეიქმნას ერთიანი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც დააკავშირებს ავტომფლობელებს, მყიდველებს, ავტოსერვისებს, დამტენების ქსელებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ავტობაზრის სხვა მოთამაშეებს.

"ჩვენ გვინდა, JAVIC ასოცირდებოდეს სანდოობასთან, გამჭვირვალობასთან და თანამედროვე ავტოინდუსტრიასთან. რაც უფრო მეტი სერვისი, პარტნიორი და მონაცემთა წყარო ჩაერთვება პლატფორმაში, მით უფრო ღირებული გახდება ის მომხმარებლისთვისაც და მთელი ბაზრისთვისაც.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯია საქართველოში პარტნიორული ქსელის გაფართოება, შემდეგ კი რეგიონული ექსპანსია — პირველ ეტაპზე აზერბაიჯანსა და სომხეთში", — ამბობს ვატო ფაჩულია.

JAVIC-ის გუნდის მიზანია, საქართველოში ავტომობილის ისტორია აღარ იყოს დაკარგული ან ფრაგმენტული ინფორმაცია, არამედ გახდეს სანდო ციფრული აქტივი, რომელიც ავტომობილის ღირებულებასაც ზრდის და ბაზარს უფრო გამჭვირვალეს ხდის.