Bluepatch: ქართული MedTech სტარტაპი, რომელიც ანტიბიოტიკებს სინათლის თერაპიით ანაცვლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბაქტერიების რეზისტენტობა მედიკამენტების მიმართ (AMR) თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. როდესაც ქიმიური პრეპარატები ეფექტურობას კარგავს, გამოსავალი ხშირად ფიზიკაში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამ პრინციპით შეიქმნა Blupatch – პორტატიული ფოტოთერაპიული პლასტირი, რომელმაც სტარტაპ მარათონიდან რეალურ პროტოტიპამდე გზა მცირე დროში გაიარა.

გუნდმა უარი თქვა ტრადიციულ ქიმიურ იარაღზე და ბაქტერიებს ფიზიკური მეთოდით დაუპირისპირდა. იდეა მარტივია: სინათლის კონკრეტულ სპექტრს შეუძლია ბაქტერიის განადგურება ისე, რომ ადამიანის ქსოვილი ხელუხლებელი დატოვოს.

"იდეის ნაპერწკალი ერთ-ერთ ბიოტექნოლოგიურ ჰაკათონზე გაჩნდა. ვეძებდით გლობალურ პრობლემას და დავინახეთ, რომ ანტიბიოტიკორეზისტენტობა (AMR) მსოფლიოსთვის ჩუმ, მაგრამ დამანგრეველ საფრთხედ იქცა. მივხვდით, რომ ბაქტერიას ქიმიური იარაღით კი არა, ფიზიკური მეთოდით უნდა დავპირისპირებოდით", ამბობს გიორგი ვადაჭკორია, პროექტის მენეჯერი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Blupatch-ის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ლურჯი ნათების 405-470 ნანომეტრის სპექტრს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ბაქტერიები შეიცავენ სპეციფიკურ მოლეკულებს – პორფირინებს. ამ სიგრძის ტალღასთან ურთიერთქმედებისას პორფირინები იგზნებიან და წარმოქმნიან რეაქტიულ ჟანგბადის სახეობებს (ROS). ეს ჟანგბადი შიგნიდან შლის ბაქტერიის მემბრანას და აზიანებს მის დნმ-ს.

მთავარი ინჟინრული მიღწევა ამ ტექნოლოგიის მინიატიურიზაციაა. სტაციონარული, ძვირადღირებული კლინიკური აპარატურა გუნდმა კომპაქტურ, მოქნილ პლასტირში მოაქცია.

"ჩვენი სამიზნე მკაცრად 405-470 ნანომეტრის სპექტრია. როცა ამ სიგრძის ტალღა ბაქტერიებს ხვდება, წარმოიქმნება რეაქტიული ჟანგბადის სახეობები (ROS), რაც შიგნიდან ანადგურებს მათ. ეს სინათლე კი ადამიანებისთვის სრულიად უსაფრთხოა", განმარტავს ანდრია ახობაძე, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

პროდუქტის შექმნისას ყველაზე რთული ენერგიისა და სინათლის გამტარობის ბალანსის დაცვა აღმოჩნდა. ფიზიკური გამოთვლებით, ბაქტერიის სრული ლიკვიდაციისთვის საჭიროა 120 ჯ/სმ^2 ნაკადი, რაც დაახლოებით 20-წუთიან უწყვეტ ნათებას მოითხოვს.

Blupatch-ის ინჟინერია მოიცავს მიკრო-LED ნათურებს, 400mAh ტევადობის თხელ, მოქნილ ელემენტს და სპეციალურ ჰიდროგელის ფენას, რომლის სინათლის გამტარობა 80%-ია. შედეგად, მიღებულია ავტონომიური სისტემა, რომელიც ადვილად თავსდება სალაშქრო ჩანთაში ან სამხედრო აფთიაქში.

"ლურჯი ნათების თერაპია მედიცინაში ახალი არ არის, მაგრამ აქამდე ის მხოლოდ კლინიკებში, ძვირადღირებული აპარატების სახით არსებობდა. ჩვენი მიზანი იყო ხელმისაწვდომობის გაზრდა (Accessibility) ეს ტექნოლოგია ისე შეგვემცირებინა ზომაში, რომ სამხედრო აფთიაქშიც ჩატეულიყო", გვეუბნება ალექსანდრე (სანდრო) ჭელიძე, BluePatch-ის კრეატიული დირექტორი.

Blupatch-ის კომერციალიზაცია Lean Startup-ის მეთოდოლოგიით ხორციელდება. პირველადი ფოკუსი B2G (სახელმწიფო შესყიდვები) და B2B სექტორია – კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. პარალელურად, D2C არხით პროდუქტი ალპინისტებისა და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

"ჩვენი პირველადი ფოკუსი თავდაცვის სამინისტრო, ჯარი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებია. პროდუქტის მთავარი ფასეულობა იმ გარმოში ჩნდება, სადაც ჭრილობა ბინძურდება და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება რამდენიმე დღის სავალზეა", ამბობს ლუკა ჩხობაძე, მარკეტინგის ხელმძღვანელი.

გუნდში როლები მკაფიოდ არის გადანაწილებული: ანდრია ახობაძე სამეცნიერო ნაწილს კურირებს, სანდრო ჭელიძე ტექნიკურ და ვიზუალურ მხარეს მართავს, ლუკა ჩხობაძე მარკეტინგსა და გაყიდვებს ლიდერობს, ხოლო გიორგი ვადაჭკორია პროექტის მენეჯმენტსა და ბიზნესსტრატეგიას უძღვება.

"ალტე უნივერსიტეტი"ს მიერ ორგანიზებული სტარტაპ მარათონი გახდა ის პლატფორმა, სადაც Blupatch-ის იდეამ მასშტაბური აღიარება მოიპოვა. სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა (გიორგი ვადაჭკორია, ანდრია ახობაძე, ლუკა ჩხობაძე და სანდრო ჭელიძე) შეძლო ჟიურის დარწმუნება იმაში, რომ მათ მიერ შექმნილ ინოვაციურ პროექტს გლობალური სამედიცინო გამოწვევის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის (AMR) გადაჭრა შეუძლია.

ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში გუნდმა მოახერხა იდეის ბიზნესმოდელად ჩამოყალიბება და ტექნიკური პროტოტიპირების ეტაპების განსაზღვრა. BluePatch "ალტე უნივერსიტეტის" რჩეული გუნდიც გახდა და იდეის მხარდასაჭერად 5 000 ლარი გადაეცა. გარდა ამისა, უნივერსიტეტის "ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი" გუნდს საშუალებას მისცემს, პროექტი შემდგომ ეტაპზე განავითაროს და ინვესტორები მოიზიდოს.

ამჟამად სტარტაპი გადის ლაბორატორიულ ტესტირებებს (In Vitro) სამეცნიერო ვალიდაციისთვის და იწყებს საპატენტო პროცედურებს საქართველოში. აგვისტოში დაგეგმილია საპილოტე ტესტირება რეალურ საველე პირობებში Early Adopters-ისთვის.

5 წლის პერსპექტივაში Blupatch-ის მიზანია CE და FDA სერტიფიცირების გავლა და გლობალურ MedTech ბაზარზე დამკვიდრება, როგორც NATO-ს სტანდარტის აღჭურვილობის ნაწილი.

"როდესაც ხედავ, რომ შენ მიერ ფურცელზე დათვლილი ფიზიკის ფორმულა რეალურ პროდუქტად იქცევა, რომელმაც ხვალ შეიძლება ვიღაცას სიცოცხლე შეუნარჩუნოს, ყველაზე დიდი ადრენალინია".

ჩვენს კითხვაზე, თუ რას ურჩევდნენ სხვა ინოვატორ მოსწავლეებს, BluePatch-ის გუნდის წევრები გვპასუხობენ:

"ნუ შეგეშინდებათ რთული იდეების და ნუ იფიქრებთ, რომ ასაკი ბარიერია. იდეა მხოლოდ დასაწყისია ჩაუღრმავდით კვლევებს, დათვალეთ ფინანსები, შეკრიბეთ გუნდი, რომელსაც ენდობით და არ შეგეშინდეთ შეცდომების. და რაც მთავარია: აკეთეთ ის, რაც რეალურ პრობლემას აგვარებს და არა უბრალოდ ის, რაც ლამაზად ჟღერს".