"სრულიად გამოუცდელი ვიყავი" – როგორ გადაიქცა Google-ის ძიება თვეში $11 000-იანი შემოსავლის წყაროდ
By Amanda Breen
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რუბრიკის, "Side Hustle Spotlight-ის" ფარგლებში, გაეცნობით 32 წლის ლორენ ოლდსს კალიფორნიის ქალაქ სან-დიეგოდან. ლორენი IT კომპანიის ურთიერთობების დირექტორია, რომელიც ძირითადი საქმიანობის პარალელურად კოლაგენით მდიდარი ჩაის საკუთარ ბრენდს, LEEVA-ს ქმნის.
როდის დაიწყეთ დამატებითი საქმიანობა და საიდან გაჩნდა ამის იდეა?
დაახლოებით ორ-ნახევარი წლის წინ პირველად ვთქვი ხმამაღლა, რომ საკუთარი ბრენდის შექმნა მინდოდა. ამის შემდეგ წელიწადზე მეტი დასჭირდა LEEVA-ს კონცეფციის საბოლოოდ ჩამოყალიბებას. ფიქრებით მაინც სულ ჩაის ვუბრუნდებოდი, რადგან ბაზარზე თავისუფალი ნიშა დავინახე. ხშირად სასმელები, რომლებიც ველნეს პროდუქტად პოზიციონირებდა, გაჯერებული იყო შაქრით, ხელოვნური დამატკბობლებითა და კოფეინით, ან, უბრალოდ, საშინელი გემო ჰქონდა.
ძალიან მინდოდა მეპოვა გზა, რომლითაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები და ნამდვილი სიამოვნება ერთმანეთს შეერწყმებოდა. LEEVA კოლაგენის ბაზაზეა შექმნილი და თითო პორცია 10 გრამ ცილას შეიცავს. კოლაგენის რაოდენობა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ყველაზე გავრცელებული ცილაა, ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად იკლებს. ჩემი მიზანი იყო შექმნილიყო არა უბრალოდ ფუნქციური სასმელი, არამედ პროდუქტი, რომელიც სასიამოვნო ყოველდღიურ რიტუალად იქცეოდა.
როდესაც LEEVA-ს ქილას გახსნით, მაშინვე იგრძნობთ ჯანჯაფილისა და ლიმონის ცოცხალ, გამაგრილებელ არომატს. გემოს ინტენსივობა შეგიძლიათ სურვილისამებრ დაარეგულიროთ – ფხვნილის რაოდენობის ცვლილებით ჯანჯაფილის დამახასიათებელ სიმხურვალეს აძლიერებთ. ყოველ ყლუპზე ტუჩებსა და ყელის სიღრმეში მსუბუქ ჩხვლეტას იგრძნობთ, რომელიც შიგნიდან გათბობთ.
პირველი ნაბიჯები და საწყისი ინვესტიცია
რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესის წამოსაწყებად და რა თანხა დასჭირდა ბრენდის გაშვებას?
ჩემი ყველაზე პირველი ნაბიჯი, პირდაპირი მნიშვნელობით, Google-ში ძებნა იყო, სადაც ჩავწერე: "როგორ შევქმნათ სასმელების ბრენდი?". ამის შემდეგ მთელი ყურადღება პროდუქტის შემუშავებასა და ბრენდინგზე გადავიტანე. სწორედ ეს ორი მიმართულება აღმოჩნდა ყველაზე შრომატევადი და ძვირადღირებული, რომლებშიც ბრენდის გაშვებამდე ინვესტირება დამჭირდა.
რადგან პარალელურად სრული განაკვეთით კორპორაციულ სამსახურში ვმუშაობდი (და ახლაც ვმუშაობ), ვიცოდი, რომ ჩემი ხედვის რეალობაში გადასატანად ცოტა მეტი ინვესტიცია დამჭირდებოდა, ვიდრე დამწყებ დამფუძნებელთა უმეტესობას. ფინანსები ისეთ მიმართულებებში ჩავდე, სადაც ან დრო არ მყოფნიდა, ან შესაბამისი უნარები არ გამაჩნდა.
წელიწადზე მეტი ხნის შრომისა და 80 000 დოლარზე მეტი ინვესტიციის შემდეგ, LEEVA-ს ბაზარზე გაშვება შევძელი.
არის თუ არა რაიმე უფასო ან ფასიანი რესურსი, რომელიც განსაკუთრებით დაგეხმარათ ბიზნესის წამოწყებასა და გაძღოლაში?
რადგან სამომხმარებლო პროდუქტების (CPG) და სასმელების სფეროში აბსოლუტურად ნულოვანი გამოცდილება მქონდა, გადავწყვიტე, ინვესტიცია დამფუძნებლებისთვის განკუთვნილ ექვსთვიან კურსში ჩამედო, რამაც ინდუსტრიის შესახებ საბაზისო, ფუნდამენტური ცოდნა მომცა. ეს იყო კვებისა და სასმელების სფეროს დამფუძნებელთა მცირე ჯგუფი, სადაც ორ კვირაში ერთხელ ვხვდებოდით ერთმანეთს. გამოცდილებას ამ ინდუსტრიის ისეთ ექსპერტებისგან ვიღებდით, რომელთაც ან საკუთარი წარმატებული კომპანიები ჰქონდათ შექმნილი, ან სხვა ბრენდების ბიზნესის კონკრეტულ მიმართულებებს უძღვებოდნენ.
ამის მიღმა, ყველაზე ღირებული რესურსი ჩემთვის ის ბიზნესსაზოგადოება აღმოჩნდა, რომელიც ჩემ ირგვლივ გავაერთიანე. სან-დიეგო სავსეა ენთუზიასტი ანტრეპრენერებითა და შემოქმედებითი ადამიანებით, რომლებიც მუდამ ცდილობენ ერთმანეთის მხარდაჭერას, გამოცდილების გაზიარებასა და სწორი მიმართულების მიცემას. ამასთან, Instagram-სა და TikTok-ზე ამ სფეროს უამრავი დამფუძნებელი გამიცნია, რომლებიც არა მხოლოდ ღირებულ რჩევებს აზიარებენ, არამედ იმის შეგრძნებასაც განიჭებენ, რომ ამ საინტერესო გზაზე მარტო არ ხარ.
პარტნიორობების მართვა მაქსიმალური დინამიკის შესანარჩუნებლად
ბიზნესის დაწყების პირველ პერიოდში რომ დაბრუნება შეგძლებოდათ და რომელიმე პროცესი ან მიდგომა შეგეცვალათ, რა იქნებოდა ეს და რას გააკეთებდით განსხვავებულად?
როდესაც პროდუქტის შემუშავებასა და ბრენდინგს შევუდექი, პროცესს ზედმეტად მოდუნებულად მივუდექი. ბაზარზე გაშვების კონკრეტული ვადები გაწერილი არ მქონდა, ამიტომ პარტნიორებს ხშირად ვეუბნებოდი, რომ არსად გვეჩქარებოდა. მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, რომ ასეთი საქმეები იმაზე ბევრად მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე წარმოგვიდგენია. როდესაც ფინალურ ეტაპზე გავედით, უკვე სულმოუთქმელად ველოდი პროდუქტის გაშვებასა და მომდევნო ეტაპზე გადასვლას.
ასე რომ, რა დროც არ უნდა გეგონოთ, რომ საქმეს დასჭირდება, თამამად გააორმაგეთ ის და აუცილებლად შეინარჩუნეთ სამუშაო ტემპი.
ბიზნესის საჯაროდ შენება და საზოგადოების უკუკავშირი
ამ კონკრეტულ ბიზნესზე საუბრისას რა არის ისეთი, რაც განსაკუთრებით რთული ან მოულოდნელი აღმოჩნდა თქვენთვის – ის, რისთვისაც ამ სფეროში ფეხის შედგმის მსურველი ადამიანები მზად უნდა იყვნენ, თუმცა, სავარაუდოდ, არ არიან?
LEEVA-ს წამოწყება ყველაზე სათუთი და მოწყვლადი ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. საკუთარ გულს, სულსა და მთელ საბანკო ანგარიშს დებ ოცნებაში, რომელიც ერთ დროს უბრალოდ შენს გონებაში დაიბადა. როდესაც სოციალურ ქსელებში შენი საქმიანობის შესახებ წერას იწყებ, იმ დღეს, როცა ვებსაიტზე ღილაკ "გაშვებას" დააჭერ თუ იმ წამს, როცა სრულიად უცხო ადამიანები პირველად გასინჯავენ შენს პროდუქტს – ყველაფერი, რაზეც ამდენს შრომობდი, საჯარო შეფასებისა და კრიტიკის საგანი ხდება.
უზომოდ მადლიერი ვარ, რომ LEEVA-ს მიმართ განწყობა თავიდანვე წარმოუდგენლად დადებითი იყო. თუმცა ეს არ გათავისუფლებს იმ შიშებისა და ემოციური სისუსტისგან, რომლებსაც გზად აუცილებლად წააწყდები. შენი თითოეული ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება საზოგადოების განხილვის თემად იქცევა. გარდა ამისა, უფრო ცნობადი ფიგურა ხდები, განსაკუთრებით მაშინ, თუ კონტენტს უშუალოდ დამფუძნებლის პერსპექტივიდან ქმნი. შენი ონლაინცნობადობა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ამისთვის მზად შეიძლება იყო. ადამიანებმა შენზე ბევრად მეტი იციან, ვიდრე შენ მათზე.
ამ პროცესს უამრავი მშვენიერი და დადებითი მომენტი მოაქვს, თუმცა ხანდახან შეიძლება დამთრგუნველი და გამომფიტველიც აღმოჩნდეს. ამ გზის მტკიცედ და ღირსეულად გავლის მთავარი გასაღები კი საკუთარ თავსა და საკუთარ ბიზნესში ურყევი რწმენაა.
მომხმარებელთან ურთიერთობაში გამჭვირვალობის პრიორიტეტი
შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული შემთხვევა, როდესაც რაღაც ძალიან ცუდად განვითარდა და როგორ გამოასწორეთ ვითარება?
პროდუქტის გაშვებიდან დაახლოებით ერთ კვირაში ჩემი პირველი მომხმარებლებისგან შეტყობინებების მიღება დავიწყე: ტრანსპორტირებისას დამცავი ლუქი იხსნებოდა და LEEVA-ს ფხვნილი ქილიდან თავსახურში იღვრებოდა. თავზარდაცემული ვიყავი. ეს LEEVA-ს პირველი შთაბეჭდილება იყო სამყაროზე, ჩემი ქილები კი მომხმარებელთან ირგვლივ გაბნეული ფხვნილით მიდიოდა.
ჩემდა საბედნიეროდ, მთელი ჩემი კარიერა მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროს უკავშირდება, ასე რომ, მზად ვიყავი სწორი რეაგირებისთვის: მინდოდა ჩემი მომხმარებლებისთვის მეჩვენებინა, რომ მათზე ზრუნვა ჩემი მუდმივი პრიორიტეტია.
აუცილებელი ნაბიჯი: იმის გარკვევა, თუ რა წავიდა არასწორად
პირველ რიგში, მწარმოებელთან ერთად პრობლემის მიზეზი დავადგინე და დავრწმუნდი, რომ პროდუქტი უსაფრთხო იყო. შემდეგ მარაგში არსებული თითოეული ქილა შევამოწმე და ხარვეზიანი ერთეულები საიმედოდ ხელახლა დავლუქეთ.
მომხმარებლებისთვის ჩავწერე Reel, სადაც ღიად ავუხსენი პრობლემის მიზეზი, დავამშვიდე პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მოგვარების გზები გავუზიარე. ვიდეოს ბმული ელფოსტით ყველა მყიდველს გადავუგზავნე და უკმაყოფილო მომხმარებლებს ვითარების გამოსწორება შევთავაზე. შედეგად, საჩივარი ან თანხის დაბრუნება არცერთ მათგანს არ მოუთხოვია. LEEVA-სთვის მომხმარებელთან ურთიერთობაში მთავარი გზამკვლევი ყოველთვის იყო და იქნება სრული გულწრფელობა და მათ გამოცდილებაზე ზრუნვა.
LEEVA-ს შემოსავლები და ზრდის დინამიკა
როგორია LEEVA-ს ფინანსური მაჩვენებლები და ზრდის ტემპი?
რადგან LEEVA ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა (სულ რაღაც სამ-ნახევარი თვისაა), "სტაბილურობა" ალბათ ის სიტყვა არ არის, რომელსაც ჯერჯერობით გამოვიყენებდი. თუმცა მიღებულმა გამოხმაურებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საქმიანობის პირველივე თვე 11 000 დოლარზე მეტი გაყიდვებით დავხურეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია.
პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში აქცენტი მხოლოდ ორგანულ ზრდაზე გავაკეთე. არცერთი ფასიანი რეკლამა არ გაგვიშვია – მხოლოდ სოციალური ქსელების ორგანული წვდომითა და რაც შეიძლება მეტ Pop-up ღონისძიებაში მონაწილეობით შემოვიფარგლე. მინდოდა დამენახა, ვის იზიდავდა LEEVA ბუნებრივად, და მაქსიმალურად ბევრი შემეტყო ჩემი იდეალური მომხმარებლის შესახებ.
ახლა, როცა ეს გამოცდილება უკვე დავაგროვე, ზრდის გაგრძელებას ფასიანი სტრატეგიით ვგეგმავ, იქნება ეს ფასიანი რეკლამა, ღონისძიებებზე კონკრეტული სავაჭრო ადგილების ყიდვა თუ ამ სფეროს საუკეთესო პროფესიონალების ჩართვა.
თუ ყველაფერს სწორად გავთვლი, LEEVA-ს აქვს ყველა შანსი, პირველი ბიზნესწელი დაახლოებით 200 000 დოლარის შემოსავლით დახუროს.
დამატებითი საქმიანობისა და კორპორაციული სამსახურის შეთავსება
რამდენ დროს უთმობთ დამატებით ბიზნესს ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად?
სამუშაო დღეებში LEEVA-ს, ალბათ, დღეში ოთხიდან ხუთ საათამდე ვუთმობ: რამდენიმე საათს კორპორაციული სამუშაოს დაწყებამდე და კიდევ რამდენიმე საათს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ.
შაბათ-კვირას კი დატვირთვა კიდევ უფრო იმატებს. თითქმის ყოველ უქმეებზე ვცდილობ Pop-up ღონისძიება მოვაწყო, რაც საათობით მოსამზადებელ სამუშაოსა და უშუალოდ ღონისძიებაზე გატარებულ საკმაო დროს მოითხოვს. ამ ეტაპზე კვირაში შვიდი დღე ვმუშაობ, რომ ჩანაფიქრი რეალობად ვაქციო.
ეს დრო შეკვეთების შეფუთვაზე, სოციალური ქსელებისთვის კონტენტის შექმნაზე, სხვა ბრენდების წერილებზე პასუხსა და პარტნიორებთან შეხვედრებზე ნაწილდება.
დილაობით უფრო ადმინისტრაციულ საქმეებზე მუშაობა მირჩევნია (ძირითადად ელფოსტის შემოწმება, კოლაბორაციებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, შესაფუთი მასალების მარაგების შევსება და ა.შ.). საღამოობით კი ყველაზე მეტად მეხსნება შემოქმედებითი უნარები – ამ დროს სოციალური მედიის კონტენტისა და ახალი მარკეტინგული იდეების მოფიქრებას ვუთმობ.
შემოქმედებითი თავისუფლება და სრული დამოუკიდებლობა
რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას დამატებითი ბიზნესის გაძღოლაში?
LEEVA ჩემთვის თითქოს ერთი დიდი სამეცნიერო და შემოქმედებითი პროექტია. ეს არის რაღაც სრულიად ჩემი, ჩემს გონებაში დაბადებული იდეა, სადაც თითოეულ გადაწყვეტილებას თავად ვიღებ. ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ ეს მანიჭებს. საშუალება მაქვს ბოლომდე გამოვავლინო ჩემი კრეატიულობა და საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები ისეთ ასპექტებში გავაფართოო, რასაც სხვაგვარად ვერასდროს შევძლებდი.
ხანდახან საკუთარ თავს უნდა შევახსენო, რომ აქ უფროსი მე ვარ. თუ რაიმე არ მომწონს იმაში, თუ როგორ მიდის პროცესი, შემიძლია უბრალოდ შევცვალო. თუ რომელიმე კონკრეტულ თემაზე სურვილი მაქვს ვისაუბრო, ნებართვის აღება არავისგან მჭირდება.
შესაძლებლობა, რომ ოცნებებს ფრთა შევასხა და ეს საქმე მართლაც ჯადოსნურ რამედ ვაქციო, ყოველი დღის განმავლობაში მოტივაციით მავსებს.
რა არის თქვენი ყველაზე ღირებული, კონკრეტული და პრაქტიკული ბიზნესრჩევა?
შეიძლება ორიგინალური აზრი არ იყოს, მაგრამ ჩემი ყველაზე მთავარი რჩევაა, მკაფიოდ გქონდეთ გაცნობიერებული საკუთარი "რატომ". რატომ იღვიძებთ ყოველ დილით და რატომ ირჩევთ, რომ თქვენი დრო, ენერგია და ფინანსები სწორედ ამ ბიზნესის შენებას მოახმაროთ? როგორია თქვენი ხედვა – როგორ გესახებათ საკუთარი ცხოვრება ამ ბიზნესთან მიმართებით?
წარმოიდგინეთ ის გამოწვევები, რისი გადატანაც, თქვენი აზრით, მოგიწევთ და გაამრავლეთ ათზე. იმ მიზეზის სიღრმისეული გააზრება, თუ რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს, ყველაზე რთულ წუთებშიც კი წინსვლის ძალას მოგცემთ.
ყველაზე მძიმე მომენტები ყოველთვის წარმოების შეფერხება ან მომხმარებელთა პრეტენზიები როდია – ეს შეიძლება იყოს დილის 5 საათზე გაღვიძება ღონისძიებისთვის მოსამზადებლად, კვირების განმავლობაში მეგობრების ნახვის შესაძლობლობის არქონა ან თუნდაც სრულფასოვანი კვებისთვის დროის უქონლობა. სწორედ ასეთი წუთები გამოცდის თქვენს სიმტკიცეს. თუმცა, საკუთარი მომავლისა და იმ საბოლოო მიზნის მკაფიოდ დანახვა, სადაც ყოფნა გსურთ, ამ რთულ გზას ნამდვილად ღირებულად აქცევს.