OnWay-ის ახალი ეტაპი: ციფრული ტრანსფორმაცია, 3PL სერვისის განვითარება და ელ-კომერციის მომავალი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ელექტრონული კომერციის ზრდასთან ერთად, ლოგისტიკა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად იქცა. მომხმარებლები დღეს მხოლოდ სწრაფ მიწოდებას აღარ ელიან, მათთვის მნიშვნელოვანია პროცესების გამჭვირვალობა, ტექნოლოგიური მოქნილობა და მაღალი ხარისხის მომსახურება.

სწორედ ამ მოთხოვნების საპასუხოდ ვითარდება OnWay, რომელიც უკვე ცხრა წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ლოგისტიკურ ინოვაციებს აქტიურად ნერგავს.

თამარ გოგოლაშვილი, კომპანია OnWay-ს დამფუძნებელი და დირექტორი; საქართველოს რითეილისა და ელექტრონული კომერციის ასოციაციის (REA) თავმჯდომარე, Entrepreneur-ს უყვება, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული ელ-კომერცია, როგორ ცვლის ტექნოლოგია ლოგისტიკურ პროცესებს და რა გეგმები აქვს OnWay-ს უახლოესი წლებისთვის.

OnWay უკვე 9 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. როგორ შეიცვალა ამ პერიოდში ადგილობრივი ელ-კომერციის საჭიროებები და რა როლი შეასრულა OnWay-მ ამ ცვლილებების პროცესში?

OnWay-ს ოქტომბერში 9 წელი უსრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, როგორ შეიცვალა როგორც მომხმარებლების, ისე ბიზნესების მოლოდინები. თუ ადრე მთავარი მოთხოვნა ამანათის დროული მიწოდება იყო, დღეს ბაზარი გაცილებით მეტს ითხოვს, სისწრაფეს, გამჭვირვალობას, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და პროცესების სრულ კონტროლს.

ჩვენთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, მხოლოდ საკურიერო კომპანია არ ვყოფილიყავით. ვცდილობთ, ბიზნესებისთვის სანდო ლოგისტიკური პარტნიორი ვიყოთ, რომელიც მათ ზრდასა და განვითარებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში მუდმივად ვავითარებთ როგორც ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, ისე მომსახურების ხარისხს, რათა ქართულ ელ-კომერციას თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციაში შევუწყოთ ხელი.

კომპანია აქტიურად მუშაობს ოპერაციების ციფრულ განვითარებაზე. რა არის თქვენი მთავარი ხედვა 2026 წლისთვის და როგორ უნდა შეიცვალოს მომხმარებლის გამოცდილება ამ პროცესის შედეგად?

2026 წლისთვის ჩვენი მთავარი მიზანია ოპერაციების კიდევ უფრო მეტად გაციფრულება და მომსახურების ახალი სტანდარტის შექმნა. ეს პროცესი მოიცავს ყველა მიმართულებას: კურიერების მუშაობას, ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობასა და საბოლოო მომხმარებლის გამოცდილებას.

გვინდა, შევქმნათ ისეთი ეკოსისტემა, სადაც პროცესების დიდი ნაწილი ავტომატიზებული იქნება, ხოლო შეცდომების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდება. საბოლოოდ, ეს მომხმარებლისთვის უფრო სწრაფ, კომფორტულ და პროგნოზირებად მომსახურებას ნიშნავს, ხოლო ბიზნესებისთვის, უფრო ეფექტიან და გამართულ ლოგისტიკურ პროცესებს.

OnWay-ის მიერ შექმნილი კურიერების აპლიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეა. რა პრობლემების გადაჭრა შეძლო ამ სისტემამ და როგორ აისახა ეს როგორც კურიერების მუშაობაზე, ისე მომხმარებლის გამოცდილებაზე?

მაისში ოფიციალურად გავუშვით "OnWay Partner", მობილური აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად ჩვენი კურიერებისთვის შევქმენით. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ოპერაციების ოპტიმიზაციის მიმართულებით.

აპლიკაციამ კურიერებს ყოველდღიური სამუშაო პროცესების მართვა მნიშვნელოვნად გაუმარტივა, მათ შეუძლიათ უფრო ეფექტიანად დაგეგმონ მარშრუტები, სწრაფად მიიღონ ინფორმაცია და ოპერატიულად იმუშაონ. საბოლოოდ, ეს ცვლილება პირდაპირ აისახება მომხმარებელზეც, რადგან შეკვეთების მიწოდება უფრო სწრაფი, ზუსტი და კომფორტული ხდება.

ბოლო პერიოდში განახლდა QR კოდების სისტემა. რატომ გაჩნდა ამ ცვლილების საჭიროება და როგორ აუმჯობესებს ეს ტექნოლოგია ლოგისტიკური პროცესების სიზუსტესა და სისწრაფეს?

განახლებული QR-კოდების სისტემა ჩვენი ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ლოგისტიკაში თითოეული ამანათის ზუსტი იდენტიფიკაცია და მისი გადაადგილების კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპერაციების მასშტაბი იზრდება.

ახალი სისტემა ამანათების დამუშავებისა და დახარისხების პროცესს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს ხდის. ამასთანავე, მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანური შეცდომის რისკს და გვაძლევს შესაძლებლობას, პროცესები კიდევ უფრო მაღალი სიზუსტით ვმართოთ.

კომპანია მუშაობს მიღება-ჩაბარების ახალი სისტემის განვითარებაზე, რომელიც რამდენიმე ამანათის ერთიან მართვას გაამარტივებს. რა პრაქტიკულ სარგებელს მოუტანს ეს როგორც ბიზნესებს, ისე მომხმარებლებს?

ამ ეტაპზე ვმუშაობთ მიღების უნიკალური ნომრების სისტემაზე, რომელიც მრავალამანათიანი შეკვეთების მართვას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ დღეს მიღებული ამანათები ერთიან სისტემაში გაერთიანდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ შემთხვევებში, როდესაც ერთი შეკვეთის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა დროს ხვდება საწყობში. ახალი მოდელი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეკვეთა ფრაგმენტულად კი არა, ერთიანად მიიღოს, რაც პროცესს ბევრად უფრო კომფორტულსა და გამჭვირვალეს გახდის.

OnWay გეგმავს 3PL მომსახურების განვითარებას. როგორ შეუძლია ასეთ სერვისს დაეხმაროს ქართულ ონლაინბიზნესებს ზრდაში და რა შესაძლებლობებს გახსნის ეს ადგილობრივი ელ-კომერციისთვის?

3PL მიმართულება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პროექტია. თანამედროვე ელ-კომერციაში ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძირითადი რესურსი საკუთარი პროდუქტის, გაყიდვებისა და მარკეტინგის განვითარებას მოახმაროს და არა საოპერაციო პროცესების მართვას.

3PL სერვისი კომპანიებს საშუალებას მისცემს, სასაწყობე და ლოგისტიკური პროცესები სრულად პარტნიორს გადააბარონ. შედეგად, ისინი დაზოგავენ დროსა და რესურსებს, გაზრდიან ოპერაციულ ეფექტიანობას და ბევრად სწრაფად შეძლებენ განვითარებას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება როგორც ცალკეული ბიზნესებისთვის, ისე მთლიანად ქართული ელ-კომერციის ეკოსისტემისთვის.

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლების გადამზადებასა და მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებაზე. რატომ არის ადამიანური სერვისი ისევ კრიტიკულად მნიშვნელოვანი თანამედროვე ლოგისტიკაში?

რაც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგია, ლოგისტიკა საბოლოოდ მაინც ადამიანებზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიურ ინოვაციებთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მომსახურების კულტურისა და ადამიანური სერვისის განვითარება.

უახლოეს პერიოდში ვიწყებთ თანამშრომლებისთვის ინტენსიური ტრენინგებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას, რათა მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ხშირ შემთხვევაში, კურიერი პირველი და ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც მომხმარებელს ონლაინმაღაზიის მხრიდან უშუალო შეხება აქვს. ამიტომ მისი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს მომხმარებლის გამოცდილებას.

OnWay აქტიურად თანამშრომლობს REA-სთან და საუბრობს ინდუსტრიის გაერთიანების მნიშვნელობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კოლაბორაციები ქართული ელ-კომერციის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად?

როგორც საქართველოს რითეილისა და ელექტრონული კომერციის ასოციაციის (REA) თავმჯდომარეს, მჯერა, რომ ინდუსტრიის განვითარება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

OnWay-ის მისია ყოველთვის სცდებოდა მხოლოდ ლოგისტიკურ მომსახურებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ქართული ელ-კომერციის გაძლიერება. REA-სთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გამოვავლინოთ სექტორის საერთო გამოწვევები, შევიმუშაოთ ეფექტიანი გადაწყვეტილებები და ხელი შევუწყოთ ისეთი სტანდარტების დანერგვას, რომლებიც ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობას გაზრდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

გლობალური მოთამაშეების ფონზე, რა არის მთავარი გამოწვევა დღეს ქართული ელ-კომერციისთვის და როგორ შეიძლება ადგილობრივმა ლოგისტიკურმა კომპანიებმა ამ კონკურენციაში უპირატესობა შექმნან?

წელს, ბერლინში, E-commerce Berlin Expo-ზე მონაწილეობისას, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად სწრაფად ვითარდება გლობალური ელექტრონული კომერცია და როგორ იზრდება საერთაშორისო მოთამაშეების გავლენა.

ამ პირობებში ქართული ბიზნესებისთვის მთავარი გამოწვევა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა. ვფიქრობ, ადგილობრივი ლოგისტიკური კომპანიების მთავარი უპირატესობა ბაზრის ღრმა ცოდნა, მოქნილობა და სწრაფი ადაპტაციის უნარია. ჩვენი მიზანია, ქართველ მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი თანამედროვე, სწრაფი და კომფორტული მომსახურება, როგორსაც ისინი უკვე საერთაშორისო პლატფორმებისგან ელიან. სწორედ ამიტომ, OnWay-ის ტექნოლოგიური განვითარება არა მხოლოდ კომპანიის, არამედ მთლიანად ქართული ელ-კომერციის გაძლიერებას ემსახურება.

თუ შეხედავთ OnWay-ის განვითარების გზას, 9-წლიანი გამოცდილებიდან დღემდე, რას მიიჩნევთ კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად და რა იქნება შემდეგი დიდი ნაბიჯი OnWay-სთვის?

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ის ნდობაა, რომელიც ამ წლების განმავლობაში მომხმარებლებისა და პარტნიორებისგან მოვიპოვეთ. ცხრა წლის განმავლობაში კომპანია მუდმივად ვითარდებოდა, იზრდებოდა და აუმჯობესებდა მომსახურებას, რაც, პირველ რიგში, ჩვენი გუნდის დამსახურებაა.

რაც შეეხება მომავალს, შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება 3PL მიმართულების სრულფასოვანი განვითარება, ციფრული ტრანსფორმაციის პროექტების დასრულება და თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამების გაძლიერება. გვინდა, OnWay იყოს არა მხოლოდ თანამედროვე ლოგისტიკური კომპანია, არამედ ქართული ელ-კომერციის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ძალა.