"მე ვასრულებ მოგზაურობას, რომელიც 2003 წლის აგვისტოში დაიწყო და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა." - კრიშტიანუ რონალდუ კრიშტიანუ რონალდუმ 23 წლიანი სანაკრებო კარიერა ამ მიმართვით დაასრულა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"დადგა დღე, როდესაც ეროვნული ნაკრების მაისური და კაპიტნის სამკლავური უნდა დავუბრუნო მას, ვინც ყველას ეკუთვნის — ჩვენს ხალხს.
არასდროს მიგრძვნია, რომ ის ექსკლუზიურად ჩემი იყო, თუმცა 23 წლის განმავლობაში მქონდა პრივილეგია და პასუხისმგებლობა, მეტარებინა ის, დამეცვა და მეტარებინა მსოფლიოს ყველა სტადიონზე.
დღეს დადგა მომენტი, რომ ის მომავალს უნდა გადავცე.
ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, რადგან ზოგიერთი გადაწყვეტილება მხოლოდ გონებით არ მიიღება, არამედ - გულითაც.
მე ვასრულებ მოგზაურობას, რომელიც 2003 წლის აგვისტოში დაიწყო და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
როდესაც უკან ვიყურები და ვფიქრობ ყველაფერზე, რაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამოვიარე, მხოლოდ მატჩებს, გოლებს, რეკორდებსა თუ ტიტულებს არ ვხედავ. მე ვხედავ ადამიანებს.
ვხედავ ემიგრანტებს, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში თავს ოდნავ უფრო ახლოს გრძნობდნენ პორტუგალიასთან. ვხედავ მილიონობით პორტუგალიელს, რომლებსაც პირადად არასდროს შევხვედრივარ, თუმცა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდნენ.
რადგან, დღის ბოლოს, ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. ფეხბურთი ადამიანებზეა.
ეროვნულ ნაკრებში ჩემი მთელი კარიერის განმავლობაში, ყოველთვის ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობების ზღვრისთვის გადამებიჯებინა. მინდოდა გამარჯვება, მინდოდა საუკეთესოდ ყოფნა, მინდოდა ისტორიის დაწერა.
ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ. ყოველთვის მეტი მინდოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ უფრო შორს წასვლა შეგვეძლო და ამ მაისურისთვის ყველაფერი გავიღე, რაც კი გამაჩნდა.
იყო სრულყოფილი დღეები და საღამოები. იყო გამარჯვებები, რომლებსაც არასდროს დავივიწყებ. იყო დამარცხებებიც, რომელთა გახსენებაც დღესაც მტკივნეულია.
მეც დავმარცხებულვარ. მეც გამომიცდია ტკივილი. იყო მომენტები, როდესაც ვერ შევძელი პორტუგალიელი ხალხისთვის ის მიმეცა, რაც ასე ძლიერ სურდათ. მაგრამ არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი.
და რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის ვამაყობდი, რომ პორტუგალიას წარმოვადგენდი.
ამ წლების განმავლობაში ძალიან მარტივი რამ ვისწავლე: გოლები მოდის და მიდის, ტიტულები მუზეუმებში ხვდება, რეკორდები ადრე თუ გვიან ემხობა, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც დრო ვერასდროს წაშლის.
ეს არის ის ადგილი, რაც ადამიანების გულებში მიჭირავს.
თუ ოდესმე ბედნიერება მოგანიჭეთ, თუ ჩემმა რომელიმე გოლმა აიძულა ვინმე ვინმეს ჩახუტებოდა, საზრუნავი დაევიწყებინა ან ჩვენი ქვეყნით ეამაყა, მაშინ ეს ყველაფერი ამად ღირდა.
რადგან პორტუგალიელობაც სწორედ ამას ნიშნავს.
ჩვენ ერთად ვიტანჯებით. ერთად ვდგებით ფეხზე. ერთად ვიბრუნებთ რწმენას.
პორტუგალიას ყოველთვის დასჭირდება ახალგაზრდები, რომლებიც ოცნებობენ, მოთამაშეები, რომლებიც არასდროს ნებდებიან და ახალი თაობები, რომლებსაც სჯერათ, რომ შესაძლებელია იმ მწვერვალების დაპყრობა, სადაც მანამდე არავინ ყოფილა.
რადგან ქვეყანა, რომელიც აგრძელებს ახალი გმირების აღზრდას, არის ქვეყანა, რომელიც არასდროს წყვეტს საკუთარი თავის რწმენას.
ჩემს თანაგუნდელებს ეროვნული ნაკრებიდან მინდა სპეციალური გზავნილი დავუტოვო.
გმადლობთ თითოეული გაქცევისთვის, თითოეული ჩახუტებისთვის, თითოეული კამათისთვის, მოედანზე გასვლამდე თითოეული სიჩუმისთვის, თითოეული გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად აღვნიშნეთ და თითოეული მარცხისთვის, რამაც უფრო გაგვაძლიერა.
მქონდა პრივილეგია, ვყოფილიყავი თქვენი კაპიტანი, მაგრამ არცერთი კაპიტანი არ დადის მარტო და თითოეული თქვენგანი ჩემი ისტორიის ნაწილია.
ყველა მწვრთნელს, დირექტორს, ექიმს, ფიზიოთერაპევტს, ეკიპირების მენეჯერს, პერსონალის წევრს და იმ უამრავ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა - გმადლობთ.
ბევრი თქვენგანი არასდროს გამოჩენილა ფოტოებზე, მაგრამ თქვენ გარეშე არცერთი ეს ფოტო იარსებებდა.
ჩემს ოჯახს - გმადლობთ, რომ ეს ოცნება ჩემთან ერთად გაიზიარეთ.
გმადლობთ გაგებისთვის, დანაკლისისთვის, მსხვერპლისთვის და იმ მომენტებისთვის, როდესაც ეროვნულ ნაკრებს ის ადგილი ეჭირა, რომელიც თქვენც გეკუთვნოდათ.
თუ აქამდე მოვედი, ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩვენ ყოველთვის ხელიხელჩაკიდებულნი დავდიოდით.
და პორტუგალიელ ხალხს, თითოეულ პორტუგალიელს მთელ მსოფლიოში, მინდა ბოლო რამ გითხრათ.
არსებობს კადრი, რომელსაც ყოველთვის თან ვატარებ.
მომენტი, როდესაც ეროვნული ჰიმნი იწყება.
გარშემო ვიყურები. ვხედავ ჩემს თანაგუნდელებს. ვხედავ ტრიბუნებს.
ვხედავ ბავშვებს, დედებს, მამებსა და პაპა-ბებიებს. ვხედავ პორტუგალიელებს, რომლებიც ძალიან შორიდან ჩამოვიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ იქ ყოფილიყვნენ.
და იმ მომენტებში ჩვენ ვწყვეტთ განსხვავებულობას.
არ არსებობენ კლუბები. არ არსებობს ფერები. არ არსებობს კლასები. არ არსებობს პროფესიები. არ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
არსებობს მხოლოდ ერთი ვნება: პორტუგალია". - კრიშტიანუ რონალდუს გამოსამშვიდობებელი სიტყვა.